აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, იანვრამდე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
ამის შესახებ New York Post წერს.
ჟურნალისტის კითხვას ტრამპმა კითხვითვე უპასუხა: „ვინ თქვა ეს?“ - იკითხა მან ღიმილით. შემდეგ კი დაამატა: „რა უნდა, რომ გავაკეთო?“
ტრამპის თქმით, კონფლიქტი გაჭიანურდა, რადგან „ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება“.
„მე მკაცრად განსაზღვრული ვადები არ მაქვს. უბრალოდ, მინდა, ეს დასრულდეს. გესმით, ეს ჩვენ არ გვეხება. სიამოვნებით დავასრულებდი ამას დღესვე, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება. ამიტომ ვნახოთ, რა იქნება.
ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს პუტინი მზად არის, ზელენსკი კი - არა. ზოგჯერ ზელენსკის ძალიან სურს ამის დასრულება, პუტინი კი მზად არ არის. ეს დღეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, სამშვიდობო შეთანხმების „რაც შეიძლება სწრაფად“, იდეალურ შემთხვევაში კი იანვრამდე მიღწევას მოითხოვენ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა ემუქრება, მაშინ როცა პუტინი ომის შეწყვეტის მზადყოფნის არანაირ ნიშანს არ ავლენს.
„არსებობს სურვილი, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდეს. ეს ჩვენც გვესმის და რუსებმაც იციან. გვესმის, რა შეიძლება იყოს ამის ფასი. ჩვენც ძალიან გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინის ხარჯზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.