რუსეთის სამარის ოლქში უპილოტო საფრენმა აპარატებმა ერთდროულად ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. საუბარია ნოვოკუიბიშევსკისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ორივე ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ASTRA -სა და Exilenova+-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ქალაქ სიზრანში ჯერ დრონების ხმა ისმოდა, მოგვიანებით კი აფეთქებები მოხდა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები.
დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო სამარის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის რეჟიმი გამოცხადდა.
სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის და სამარის ოლქის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა.
მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,5–8,9 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაა. საწარმო დასავლეთ ციმბირისა და სამარის ნავთობს ამუშავებს და საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს, მაზუთს, გემის საწვავს, ბიტუმსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს.
ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც „როსნეფტს“ ეკუთვნის. მისი პირველადი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში 8,8 მილიონი ტონა ნავთობია. საწარმო საავტომობილო ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს, საპოხ მასალებს, ბიტუმსა და სხვა ნავთობქიმიურ პროდუქტებს აწარმოებს.
ორივე ქარხანა დრონების თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.