აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და ბიზნესგარიგებების შეთავაზების გეგმა უკანა პლანზე გადაიტანა. ამის მიზეზი მოსკოვის მხრიდან ამერიკული წინადადებებისადმი ინტერესის შემცირება გახდა.
ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და პრეზიდენტის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, ევროპელ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ ამერიკულ და რუსულ კომპანიებს შორის ერთობლივი ბიზნესპროექტები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მთავარ მიმართულებას აღარ წარმოადგენს.
როგორც წყაროები გამოცემასთან საუბრისას აცხადებენ, ვაშინგტონი იმედოვნებდა, რომ რუსეთს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივით დააინტერესებდა და ამ გზით ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებისკენ უბიძგებდა.