მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, ექსპრეზიდენტი იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მზად არის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა შეწყვიტოს.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევათ და თუ აღნიშნული საკითხი არ მოგვარდება, სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.
ასევე, მიხეილ სააკაშვილი მზადაა 29 ნოემბერს სასამართლო პროცესს დაესწროს, სადაც 7 ნოემბრის საქმეს შეეხება.
"მიხეილ სააკაშვილის დიდი სურვილია, როგორც აქამდე ვაცხადებდით, რომ ის სასამართლო პროცესზე მივა და მიმართავს ქართულ საზოგადოებას, მიმართავს ქართველ ხალხს. ამის შესაძლებლობა მას უპირობოდ უნდა მიეცეს. საკითხი, თავისუფლების კომიტეტის საინიციატივო ჯგუფის თაობაზე, აქ ის ხალხი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში, ვინც ასევე აქტიურად იყო ჩართული მისი სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. თუ ეს გაგრძელდება და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს”, - ამბობს ბექა ბასილაია.