კონსილიუმის ექიმებმა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იღებს საკვებს სქემის მიხედვით.
ექიმების თქმით, მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები. ისინი იმედოვნებენ, რომ მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
"ჩვენ ჩამოვედით, რათა შეგვეფასებინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია, უტარდება აბსოლუტურად ადექვატური თერაპია ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის მიერ.
ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები, ამ პროცესში ჩართული იყო, არა მხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი, პარალელურად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც ექიმი. მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის-კვების ახალი ტაქტიკა. აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადექვატურია ამ დროისთვის, აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც, ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება.
იღებს საკვებს სქემის მიხედვით, იმიტომ რომ კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს, ანალიზების შედეგები არის ნორმალური, გაუმჯობესებული, ჩვენ რომ ველოდებოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში," - თქვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმმა ნინო შარაშენიძემ.
გვიან ღამით, შიმშილობის 50-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.