კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმისა, რომ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც მესამე პრეზიდენტს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცა.
"დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათ დღეს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ ჩვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო, შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ", - თქვა ბექა ბასილაიამ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ "მსჯავრდებულ სააკაშვილს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის".
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის თაობაზე. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.