„ეს არის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ლეხ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინის შემკობის გამო, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანის გამო, როდესაც სენატორი ჯო ბაიდენი იყო, მისი გამასპინძლების გამო, ვიქტორ იუშენკოს საქართველოში გამასპინძლების ხარჯის გამო", აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ბრონირებული ავტომობილების დაქირავების და ყველა იმ საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახორციელების გამო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, 2013 წელს ახორციელებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იყო.
"2013 წელს გაწეული არც ერთ ხარჯი არ განსხვავდება 2009-2012წწ-ში გაწეული ხარჯისგან, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო კანონიერი ხარჯები. უბრალოდ, პიარული თვალსაზრისით ხელისუფლებას სჭირდებოდა რაიმე ტიპის თანხასთან დაკავშირებული ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს სამარცხვინო „პიჯაკების საქმე“ წამოიწყეს“, - განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის თაობაზე. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.