მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, სანამ დათქმა არ შესრულდება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა გლდანის ციხესთან მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც შედის და ნახულობს, იმდენად მკვეთრად არის გამოხატული სისუსტე, რომ ამისთვის თვალის არიდება უსინდისობაა, თუ ამას ვინმე შეძლებს და იტყვის. ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე, რაც აქამდე არ გაჟღერებულა. ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც საზოგადოებამ არ იცის და აუცილებელია საქმის კურსში იყოს. საკითხი ეხება გადაყვანასაც, არსებულ პირობებსაც, მის მდგომარეობას, რაც მის ირგვლივ ვითარდება. სამწუხაროდ, შიმშილობას არ წყვეტს, დათქმა არის ძალაში, დიდი გულისტკივილით ვამბობ, არავის ძალა არ ჰყოფნის, რომ ის დაარწმუნოს ამაში, სანამ არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გახმოვანდა", – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
შეგახსნებთ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობის პირველივე დღიდან მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს.