"ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებას ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელიც თავადაც იმყოფება ე.წ. მოდულის შენობასთან.
ხერხეულიძის განცხადებით, მოსახლეობას თუ პროტესტი არ ექნება, ქვეყანაში დიქტატურის ყველაზე უარესი ფორმა დამყარდება.
"ეს არის დიქტატურა ჩვეულებრივი. დიქტატურა სადაც არის რომელ ქვეყანაშიც, ასე ცხოვრობენ, მონობასა და თავისუფლებას შორის ბრძოლაში ხალხი და ასე გვიწევს ჩვენ ცხოვრებაც. დგომის უფლება არ გვაქვს დღეს, ხვალ შესაძლებელია გარეთ გამოსვლის უფლება არ გვქონდეს. აუცილებლად მასშტაბური გახდება ეს ყველაფერი და იქნება გაუსაძლისი აქ ცხოვრება. ნუ გონიათ, რომ ეს გავლითი ამბავია, მეგობრებო. თუ პროტესტი არ გექნებათ, აუცილებლად ყველაზე უარესი ფორმის დიქტატურა იქნება ამ ქვეყანაში", - ამბობს ხერხეულიძე.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის დაახლოებით 20-ზე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიცია ადამიანები უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ თქვა, სახელმწიფო შენობის პიკეტირება, ბლოკირება დაუშვებელია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპროტესტო აქციები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე დაანონსა. სუს-ის შენობის პარალალურად, აქციები იმართება იუსტიციის სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან.
იუწყებიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს.