"პოსტზე რამდენიმე თანამშრომელია რაც ნიშნავს, რომ დერეფანი თავისუფალია. დაგეგმვისა და ორგანიზების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობაც არსებობს", - თქვა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ მას შემდეგ, რაც მან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია.
"მიხეილ სააკაშვილი სადაც არის მოთავსებული, იქ არის პოსტი რამდენიმე თანამშრომლის, ეს ნიშნავს, რომ დერეფანი არის თავისუფალი. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმვისა და ორგანიზების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობაც არსებობს აქ. დაუყონებლივ უნდა მოხდეს აქედან გადაყვანა.
ამასთან ერთად, როგორ გგონიათ, ადვოკატები როგორ შევხვდით მიხეილ სააკაშვილს - ტელეფონით. ანუ დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობაც კი არ არის აქ, ელემენტარული კლიენტთან კონფიდენციალური ურთიერთობის დაცვის. ეს არის მესამე პრეზიდენტის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა და ამაში იღებს მონაწილეობას მთავრობა და პენიტენციური სამსახური და ეს უნდათ, გააკეთონ ერთობლივი მონაწილეობით. ჩვენ ვიცით, როგორ აქტიურად იყენებს კრიმინალს ხელისუფლება მიზნების მისაღწევად", - ამბობს ბექა ბასილაია.