"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონს შეხვდნენ.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე. საუბარი შეეხო ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას და სტრატეგიულ საკითხებს.
„გვქონდა შეხვედრა ქალბატონ ერიკა ოლსონთან, რომელიც ახალი დანიშნულია თავის პოზიციაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადად მასთან თანამშრომლობა, ეს იყო პირველი, გაცნობითი შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე. ასევე საუბარი გვქონდა სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს უკავშირდება. ეს რეგიონში მისი პირველი ვიზიტია, ის ესტუმრა სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. ასევე, მისი ამოცანა იყო იმ ვითარების მიმოხილვა, რომელიც ზოგადად, რეგიონშია შექმნილი. აქედან გამომდინარე, მას საუბარი ჰქონდა ქვეყანაში და ასევე რეგიონში არსებულ საერთო ვითარებაზე. ჩვენ ყველა თემაზე გვქონდა საუბარი და ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა დღის წესრიგი, ეს უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.