"ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად რაც ხანგრძლივდება შიმშილობა, პარალელურად პენიტენციური სამსახური ქმნის დაბრკოლებებს პირადი ექიმის ვიზიტთან დაკავშირებით", აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია. მისი განმარტებით, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ეს არის როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამავდროულად არის ბარბაროსული ქცევა.
"ამავდროულად, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ვითარებაში, როდესაც შიმშილობის დღეები მატულობს, მიშას ფიზიკური მდგომარეობა იქნება სულ უფრო რთული და პრობლემური. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პოლიტიკური დევნა დასრულდეს და მიშა იყოს თავისუფალი და ამისთვის, ყველა ლეგიტიმური, დემოკრატიული წესი უნდა იქნას გამოყენებული.
რაც შეეხება ვითარებას, რომელსაც აქ ვხედავთ - ჯებირებით შემოღობეს, შემდეგ სასჯელაღსრულების თანამშრომლების კონცენტრაციის მატებას ვხედავთ და აქ ვინ არის? აქ მოვდივართ ადვოკატები და ჟურნალისტები. ამის საჭიროება, ძალის დემონსტრირება და ბარიკადების დემონსტრირება ეს სრულიად გაუგებარი რამ არის. სირცხვილია მედიის და კამერების ასეთი შიში. რაც შეეხება შიდა პერიმეტრს - მას შემდეგ, რაც დააკავეს მიხეილ სააკაშვილი შიგნით მობილიზებულია სპეცტექნიკა, რა უბედურებაა, რა შიშებია, იქეთ პროცესებს არ ნიშნავენ, აქეთ სპეცტექნიკაა ციხეში მობილიზებული - ასეთი შეძრწუნებული ხელისუფლება, ამდენი ხანი იმუქრებოდა, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მიშას ექცევა როგორც ტყვეს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, რომლის წინაც ძრწის და რომლის თავისუფლებაც მათ აშინებს", - განაცხადა ბასილაიამ.