სამუხის ველზე ქურციკების მეშვიდე თაობა დაიბადა და ქურციკების რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა.
მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული ჯგუფების უმეტესობაში ლიკლიკების წილი საშუალოდ 40-50% შეადგენს, რაც პოპულაციის ზრდის ნათელი და პოზიტიური მაჩვენებელია. ამჟამად, ლიკლიკების ასაკი 4-5 თვეს შეადგენს და მცირე ზომის რქებით უკვე შესაძლებელია ახალშობილების სქესის გარჩევა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სქესთა თანაფარდობა უმეტეს შემთხვევაში 50/50 შეადგენს და მდედრ ქურციკთან დაფიქსირებულ ტყუპებში ხშირად 1 მდედრი და 1 მამრი ლიკლიკაა.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენებული ქურციკების აღდგენის პროგრამას, ახორციელებს გერმანიის მთავრობის (BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით. დღეისათვის, ეტაპობრივად, 80-მდე ქურციკი იქნა შემოყვანილი აზერბაიჯანიდან საქართველოში.
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ყოველი ახალი თაობა მნიშვნელოვანია ქურციკების სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის ჩამოყალიბებისათვის.