რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელი და სასიხარულოა, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად, – ასეთ კომენტარს აკეთებს რუსული მედიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.
„დიდად მისასალმებელია და დიდად სასიხარულოა რუსეთის ოფიციალური განცხადება, რომელსაც დღეს გავეცანით. ვისაც ეს არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, ის უბრალოდ უგუნურია.
ნატო-ს წვრთნების გამო, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს ძალზედ დაიძაბა. ჩვენმა წერილმა თავისი როლი იმ კუთხით შეასრულა, რომ ამ ეტაპზე დაძაბულობა განიმუხტა. სწორედ ეს იყო პირველი რიგის ამოცანა. კვლავ ვიმეორებ: რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელია და დიდად სასიხარულოა. აქედან ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად. ჩვენც უნდა ვიყოთ მზად თანამშრომლობისათვის. ოღონდ უნდა გავიგოთ, რომ არც მიგვიღებს ნატო და რუსეთისთვისაც მიუღებელია ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება. სხვა ყველა საკითხი გადაიჭრება, ჩვენ უნდა მივხვდეთ ამას! ხვალ განცხადებას გავავრცელებთ, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის სულისკვეთებას“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქში“.
რუსული მედიის ცნობით, კრემლი იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებას, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.