პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პენტაგონმა ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს.
მინისტრმა ამის შესახებ 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, შეხვედრაზე მან ჰეგსეთს ჰკითხა, რა ეტაპზე იყო პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ „ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“.
„ჩვენ ამას პენტაგონის მხრიდან მწვანე შუქად აღვიქვამთ“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს და ეს დეკემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი. ამასთან, პენტაგონის მხარდაჭერა ჯერ არ ნიშნავს, რომ ბაზის განთავსების პროექტს აშშ-ის ოფიციალური თანხმობა უკვე მიღებული აქვს.