რუსეთის ხელისუფლება იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მათი გაუმჯობესების მოწოდებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის კომენტარში, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" წერილთან დაკავშირებით გაკეთდა. კრემლის განცხადებას რუსული სააგენტო "ტას"-ი ავრცელებს.
"ჩვენ ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და მოწოდებას მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კონსტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოსთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვიყავით მათი გაწყვეტის ინიციატორები", - აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიმართვას უწოდა აშკარა დადასტურება იმისა, რომ "რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, არსებობს გონიერი ძალები საქართველოში, რომლებიც მხარს უჭერენ ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური კავშირების აღდგენას".
კრემლის განცხადებით, "რუსულ-ქართული დიალოგი გრძელდება", მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ასევე არაფორმალური კარასინ-აბაშიძის დიალოგის არხის მეშვეობით.
"ამის წყალობით, მიღწეულია გარკვეული შედეგები სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში", - აღნულია კრემლის განცხადებაში.