"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და სხვა პირები რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ.
წერილი ირმა ინაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა. წერილი იწყება მიმართვით „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო“,
წერილის ავტორების მტკიცებით, პასუხისმგებლობას გრძნობენ და სწორედ ამიტომ მიმართავენ პუტინს.
"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!
მიიღეთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი უდიდესი პატივისცემა და ნება გვიბოძეთ გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამუდმებულ გაუარესებასთან დაკავშირებით და გაცნობოთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჭეშმარიტად წრფელი და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთ პატივისცემასა და ნდობაზე.
ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების საქმეში ჩვენი წვლილის შეტანის მიზნით, მოცემული წერილის ავტორებმა მონაწილეობა მიიღეს ქართველ და რუსულ დეპუტატებს შორის “დიალოგის ჯგუფის” ფორმირებაში, ასევე, ქართველი, რუსული, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით “ვენის ფორმატის” შექმნაში. “დიალოგის ჯგუფის” და “ვენის ფორმატის” ფარგლებში შემუშავდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის კონცეფცია და 2020 წ 1-ლი მარტიდან 2020 წ 15-ოქტომბრამდე ანუ 7.5 თვეში საქართველოში ჩატარდა აუდიოგამოკითხვა სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია 2.5 მლნ მეტ ადამიანს, აუდიოგამოკითხვაში მონაწილეობდა 900 000-ზე მეტი რესპონდენტი, რომელთაგან 69,4%-მა მხარი დაუჭირა სამხედრო ნეიტრალიტეტს! ამასთან, პარალელურად, წლის განმავლობაში 1,2 მლნ ადამიანმა შეავსო გამოკითხვის ანკეტები და 69,4%-მა მხარი დაუჭირა ნეიტრალიტეტს, ხოლო 75,8%-მა დიალოგს რუსეთთან! პერსონალური მონაცემების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როდესაც გაიგო გამოკითხვის მასშტაბის შესახებ, გამოიკვლია აუდიოჩანაწერები და მოითხოვა გვარებისა და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წაშლა. 900 000 უსახელო აუდიოჩანაწერის ასლი გადაეცა ეუთოს მისიას, ნატოს წარმომადგენლობას, აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებს.
გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა 2020 წლის ოქტომბერში, რაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერის და გამოკითხვის შედეგებში ეჭვი არავის შეუტანია და არავის გაუპროტესტებია. მაგრამ, გამოკითხვის შედეგების განხილვის მაგივრად, მმართველმა პარტიამ, და ექს-პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანებულმა პარტიებმა, ასევე დასავლური პარტნიორების მიერ ფინანსირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად და საჯაროდ დაადანაშაულეს გამოკითხვის ორგანიზატორები დავითი თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი იმაში რომ ისინი არიან კრემლის აგენტები და სრულიად უსაფუძვლო, ფეიკ-საბუთების დემონსტრირებით, რომლებიც ვითომ და გაჟონა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ითხოვდნენ გამოკითხვის ორგანიზატორების დაკავებას.
ამასთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “რუსული შემადგენელი” აღარ უნდა არსებობდეს საქართველოს პარლამენტში, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა,რომ საქართველო უნდა ხელმძღვანელობდეს აშშ-ის პოზიციით.
აღნიშნულმა დეტალებმა მკვეთრად გვიჩვენა, რომ საართველოს მოსახლეობის და ხელისუფლების პოზიციები დიამეტრალურად განსხვავდება და მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ საჯარო მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქმნის რუსეთთან ურთიერთობის ილუზიას, სინამდვილეში კი ცდილობს აღმოფხვრას ორმხრივი მოგვარების ნებისმიერი მცდელობა და “მორიგი ქულები” დაიწეროს დასავლელ პარტნიორებთან.
ასევე მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ “დიალოგის ჯგუფის” და “ვენის ფორმატის” მუშაობა და მთლიანად კონტაქტები რუსეთის დუმასთან, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ფრდერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთლიანად გაყინულია, რაც საერთოდ არ შედის საქართველოს ინტერესებში",- ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორები სინანულს გამოთქვამენ, რომ სახელმწიფო სათათბიროსთან, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონტაქტები ახლა მთლიანად "გაყინულია".
„სინანულს გამოვთქვამთ, რომ დიალოგის ჯგუფისა და ვენის ფორმატის მუშაობა და საერთოდ, სახელმწიფო სათათბიროსთან, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონტაქტები ახლა მთლიანად „გაყინულია“ და ეს ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერია წერილში, რომლის ავტორებიც ვლადიმირ პუტინს დახმარებას სთხოვენ.
“ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ დახმარების იმედით, რომ გააგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში. თქვენი დახმარება ასევე უკიდურესად აუცილებელია ერთობლივი მედიის, კულტურული და სოციალური პროექტების ორგანიზებაში, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს იმას, რომ ერთადერთი სწორი გზაა მართლაც ღია და კარგი ორმხრივი ურთიერთობების დამყარება მხარეთა რეალური ინტერესების გათვალისწინებით", - წერია წერილში.