იტალიამ არასაჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს ნატო-ს მოკავშირეების ჯგუფს, რომლებიც აფინანსებენ ამერიკული იარაღის შეძენას უკრაინისთვის PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) სპეციალური შესყიდვების პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
Bloomberg-ის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ PURL-თან შეერთების მზადყოფნა გასულ კვირას ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.
„იტალია თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ამ პროგრამაში მონაწილეობას და აცხადებდა, რომ უკრაინას იარაღის შესაძენად სხვა ვარიანტებიც ჰქონდა.
პოზიციის შეცვლა ნაწილობრივ განპირობებული იყო იმ შეშფოთებით, რომ იტალია შეიძლება მარგინალიზებული აღმოჩნდეს, თუ პროგრამა ზოგიერთი მოკავშირისთვის დომინანტური გახდება“, - წერს გამოცემა.
გასულ კვირას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის 32 წევრიდან ნახევარზე მეტი დათანხმდა უკრაინისთვის PURL-ისს მექანიზმის მეშვეობით ამერიკული იარაღის შეძენაში დახმარების გაწევას.
თუმცა, სექტემბრის მონაცემებით, კიევმა ექვსი ქვეყნიდან მხოლოდ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მოზიდვა მოახერხა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია საჭიროზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ გაძლიერებული თავდასხმების ფონზე.
იტალიამ უკვე უზრუნველყო სამხედრო დახმარების სულ მცირე 10 პაკეტი, რომელთა შიგთავსი გასაიდუმლოებულია. წყაროების თანახმად, რომის წვლილი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემების, კერძოდ, SAMP/T ბატარეის გადაცემას.