სახალხო დამცველი 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორთა ქმედებების გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 ივლისის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას არც ერთი პირი არ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ორგანიზებისთვის.
"უფრო მეტიც, ძალადობისთვის ცალკეული პირების დაკავების შესახებ ცნობების გარდა, საზოგადოებას დღემდე არა აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ხედავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო განვითარებულ მოვლენებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნიშნებს.
5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე. თუმცა, არაფერია ნათქვამი იმაზე, იძიებს თუ არა საგამოძიებო უწყებები ამ ძალადობრივი მოვლენების შესაძლო ორგანიზების მიმართულებას", აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.