იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გავცნობოდით ბავშვებს - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პანსიონში ვიზიტები გაგრძელდება.
„როგორც აქამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში, გავესაუბრეთ მათ, რა თქმა უნდა გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. ასევე, გავეცანით პირველადად რაც შესაძლებელი იყო, დოკუმენტაციას და გვაქვს უკვე პირველადი რეკომენდაციები - პირველ რიგში დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი არის და ცოტა ქაოტურად არის და ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ და ამიტომ პირველადი რეკომენდაცია არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს.
გავაგრძელებთ ვიზიტებს. მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, დავათვალიერე ასევე ინფრასტრუქტურა და ზოგადად ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს გამოხატული სრული მზაობა სამომავლოდ ვიზიტები იქნება ეს, თუ რეკომენდაციების შესრულება. ჩვენ გავაგრძელებთ დოკუმენტაციის შესწავლას, ერთი დღე ნამდვილად არ იქნება საკმარისი, რომ ყველაფერი ვნახოთ. ბავშვების დოკუმენტაცია იქნება პირველ რიგში სანახავი იმიტომ, რომ ერთი შეხედვით არ არსებობს სრულყოფილი მონაცემთა ბაზა ბავშვების შესახებ. რამდენიმე სია არის და მოგვიწია მთელი დღის განმავლობაში ამ სიების შედარება, გარკვეული დასკვნების გაკეთებაზე არ ვიჩქარებ, თუმცა განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პანსიონის მმართველი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი პანსიონში ერთად ჩავიდოდნენ.