ევროპარლამენტარები, რომლებიც ევროპის პარლამენტის ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებიც არიან, საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს წერილობით მიმართავენ და "ღირსების მარშის" დაცვისკენ მოუწოდებენ.
წერილს ხელს 30 ევროპარლამენტარი აწერს.
"1-დან 5 ივლისის ჩათვლით, თბილისში იგეგმება ღირსების მარშის გამართვა. პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია 3 ძირითადი აქტივობა, მათ შორის, დოკუმენტური ფილმის პრემიერა, პრაიდის ფესტივალი ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით და "ღირსების მარში". ყველა ეს ღონიძიება ერთობლივად წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას, სადაც აღინიშნება ლგტბქ საზოგადოების მრავალფეროვნება.
პრაიდის დემონსტრაციები არის მშვიდობიანი იარაღი პოლიტიკური ადვოკატირებისთვის, რომელიც დაცულია მშვიდობიანი დემონსტრაციისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით. ის არის მნიშვნელოვანი ლგბტქ აქტივისტებისთვის, რადგან შესაძლებლობას იძლევა თემის წევრების ხილვადობის გასაზრდელად და მათი ხმის საზოგადოებისთვის მისაწვდენად", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უნივერსალური უფლებების რეალიზებასთან.
ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ლგბტქ აქტივისტებს უარი უნდა ეთქვათ "ღირსების მარშის" გამართვაზე.