ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია არა მხოლოდ ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვას მიესალმება, არამედ აცხადებს, რომ უკვე არსებულების გადახედვაც უნდა მოხდეს.
"მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვა უნდა მოხდეს, არამედ უკვე არსებული ორგანოების საქმიანობაც გადაიხედოს. კარგი იქნება, თუ ჩამოყალიბდება მათი ფუნქციონირების რეალური მექანიზმები, რომელიც კანონში აისახება და იარსებებს ამისთვის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნებაც", - განუცხადა ნარმანიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, საჭიროა სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების ოპტიმიზაციაც მოხდეს.
"ამ სამსახურების ოპტომიზაცია უნდა მოხდეს. შესაძლებელია ერთი ან ორი სამსახურის ჩამოყალიბება, რომელთაგან ერთი ბაზარზე მონოპოლიების არსებობას შეზღუდავს, ხოლო მეორეს დარგობრივი მარეგულირებლის ფუნქცია ექნება", - განმარტა ექსპერტმა.
ნარმანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის თაობაზე მხოლოდ სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებებს არ უნდა ეხებოდეთ.
"იმავე კანონის მიღება უნდა მოხდეს ეროვნული მარეგილირებელი კომისიების მიმართაც", - მიიჩნევს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.