გერმანიამ დროებით შეაჩერა ასტრაზენეკას მიერ წარმოებული პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი. ინფორმაციას BBC-ი გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა პოლ ელრიხის ინსტიტუტის რეკომენდაციით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს გერმანიის მთავრობას.
ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, ვაქცინაციის პროცესის შეჩერება უკავშირდება ვაქცინირებულთა შორის თრომბის გამოვლენას.
მანამდე, ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩერეს ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, ბულგარეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ისლანდიამ.
რამდენიმე დღის წინ, ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა ტაილანდმაც, თუმცა ცნობილი გახდა, რომ დღეიდან მან კვლავ განაახლა ამ პრეპარატის გამოყენება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, არ არსებობს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება.
ამ პოზიციას იზიარებს, ევროკავშირის მთავარი მარეგულირებელი, ევროპის მედიკამენტების სააგენტო, რომლის განცხადებითაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ "ასტრაზენეკას" ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია.
ვაქცინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca, რომელიც აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შესახებ მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში დადასტურდა.
კომპანიის განცხადებით, ვაქცინირებულებს შორის თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა.