ირლანდიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას BBC-ი, ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
"გადაწყვეტილება ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების შესახებ დაეყრდნო ნორვეგიიდან მოწოდებულ ახალ ინფორმაციას, რომელიც გვიან ღამით მივიღეთ. ეს არის პრევენციული ნაბიჯი. იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო კომისია კვლავ შეიკრიბება და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით", - წერს ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის, ირლანდიაში ასტრაზენეკას ვაქცინის 110 000-ზე მეტი დოზა უკვე გაკეთებულია.
მანამდე, ირლანდიის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ, რონა გლინმა განაცხადა, რომ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოდან მიიღეს განახლებული ინფორმაცია, სადაც არ დასტურდება რაიმე კავშირი ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, დამატებით ინფორმაციის მიღებამდე, შეაჩერეს ვაქცინაცია.
"ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირი არ დასტურდება, თუმცა იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო კომისიის რეკომენდაციით, სიფრთხილის ზომების გათვალისწინებითა და დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე, დროებით გადაიდო ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი", - განაცხადა რონა გლინმა.
მანამდე, ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩერეს ან შეზღუდეს ბულგარეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, იტალიამ, რუმინეთმა, ისლანდიამ და ტაილანდმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 მარტის მდგომარეობით, ევროპაში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილ მოქალაქეთა შორის 30 თრომბოემბოლიური მოვლენა დაფიქსირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელმწიფოებმა არ უნდა შეაჩერონ ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი, რადგან არ არსებობს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება.
ორგანიზაციის სპიკერის განცხადებით, ვაქცინას არავითარი კავშირი არ აქვს თრომბის განვითარების რისკთან, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანმო ყურადღებით ეკიდება ყოველ ასეთ შემთხვევას და საკითხს შეისწავლის.
მისივე თქმით, ეს არის "შესანიშნავი ვაქცინა" და უნდა გაგრძელდეს მისი გამოყენება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციას იზიარებს, ევროკავშირის მთავარი მარეგულირებელი, ევროპის მედიკამენტების სააგენტო, რომლის განცხადებითაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია.
მანამდე AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ვერ აღმოაჩინა ემბოლიის ან თრომბოზის განვითარების რისკის ვერავითარი მტკიცებულება 10 მილიონამდე შესწავლილ შემთხვევაში.
კანადა, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა და ავსტრალია განაგრძობენ ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებას.