ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელმწიფოებმა არ უნდა შეაჩერეონ ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი, რადგან არ არსებობს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება.
ამ დროისთვის, ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩერეს ან შეზღუდეს ბულგარეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, იტალიამ, რუმინეთმა, ისლანდიამ და ტაილანდმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის განცხადებით, ვაქცინას არავითარი კავშირი არ აქვს თრომბის განვითარების რისკთან, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანმო ყურადღებით ეკიდება ყოველ ასეთ შემთხვევას და საკითხს შეისწავლის.
მისივე თქმით, ეს არის „შესანიშნავი ვაქცინა“ და უნდა გაგრძელდეს მისი გამოყენება.
ამ დროისთვის, დაახლოებით 5 მილიონი ევროკავშირის მოქალაქეა ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 მარტის მდგომარეობით, ევროპაში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილ მოქალაქეთა შორის 30 თრომბოემბოლიური მოვლენა დაფიქსირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციას იზიარებს, ევროკავშირის მთავარი მარეგულირებელი, ევროპის მედიკამენტების სააგენტო, რომლის განცხადებითაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია.
მანამდე AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ვერ აღმოაჩინა ემბოლიის ან თრომბოზის განვითარების რისკის ვერავითარი მტკიცებულება 10 მილიონამდე შესწავლილ შემთხვევაში.
კანადა, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა და ავსტრალია განაგრძობენ ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებას.