ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შესახებ მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია AstraZeneca-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოების საკითხს შეეხება.
კომპანიის განცხადებით, ვაქცინირებულებს შორის თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა.
"ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ვაქცინირებული 17 მილიონი ადამიანის უსაფრთხოების მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკის მტკიცებულება არ არსებობს. მოსახლეობის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია წამოჭრილ საკითხს მჭიდროდ აკვირდება, თუმცა არსებული მაგალითები არ ადასტურებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა იყო. ვაქცინაცია აუცილებელია პანდემიის დასასრულებლად", - აღნიშნულია ფარმაცევტული გიგანტის განცხადებაში.
კომპანიის განცხადება უკავშირდება გავრცელებულ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ მილიონობით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის რამდენიმე ადამიანში თრომბოემბოლიური მოვლენა დაფიქსირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელმწიფოებმა არ უნდა შეაჩერეონ ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი, რადგან არ არსებობს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციას იზიარებს, ევროკავშირის მთავარი მარეგულირებელი, ევროპის მედიკამენტების სააგენტო, რომლის განცხადებითაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია.