უფლებადამცველ ბექა ბასილაიას განცხადებით, საოლქო კომისიებთან მიმდინარე პროცესები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. დაკავებული აქტივისტების ადვოკატის თქმით, აქციაზე დემონსტრანტების დაკავება, პოლიტიკურად მოტივირებულია პროცესია.
"წუხელ თუ ვინმე ძალადობდა, ეს იყო ცესკო და პოლიცია. მშვიდობიან დემონსტრანტებს არ აძლევდნენ საშუალებას, გამოეხატათ პროტესტი. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ბიძინა ივანიშვილის დავალების სტილში, ყველა პოლიციელი წერს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დამოურჩილებლობას, თუმცა პოლიციის ეს მოთხოვნები რაში მდგომარეობდა არსად არ იკითხება. რეალურად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აბსოლუტურად ჯდება ის პროტესტი, რაც საოლქო კომისიების წინ მიმდინარეობს", - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
გუშინ, ისანში დაპირისპირების დროს დაკავებული შვიდი აქტივისტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დღეს საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.
აქტივისტების გარდა სამართალდამცველებმა გუშინ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი გიორგი კაპანაძეც დააკავეს, რომელიც დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა, მოგვიანებით კაპანაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
4 ნოემბერს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ სხდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და თქვეს, რომ კომისიამ ოპოზიციის ყველა საჩივარი განუხილველად დატოვა.