სომხეთი ბათუმის საზღვაო პორტის შესყიდვით არის დაინტერესებული, წერს სომხური "ჟამანიკი" (დრო). გამოცემის ინფორმაციითვე, საქართველოს ხელისუფლება პორტს 600 მილიონ აშშ დოლარად ყიდის. სომხეთში სხვადასხვა წრეები ცდილობენ ფულადი სახსრები შეაგროვონ და ბათუმის საზღვაო პორტი შეისყიდონ, რათა სამომავლოდ სომხეთში ტვირთების ტრანსპორტირება დაუბრკოლებლად შეძლონ. განიხილება სააქციო საზოგადოების შექმნის იდეაც, რომელში მონაწილეობაც შეეძლებათ მეწარმეებს დიასპორებიდან.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ბათუმის პორტი 49 წლიანი იჯარით მართვის უფლებით გადაცემული აქვს შპს "ბათუმის ნავთობტერმინალს".
ცნობისათვის, არსებული სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, ბათუმის პორტი "ბათუმის ნავთობტერმინალის" მფლობელობაში 2055 წლამდე დარჩება.