ENG / RUS       12+

13 ივნისი - თბილისის ტრაგედიის ქრონიკები, ისტორია და შედეგები

13 ივნისი - თბილისის ტრაგედიის ქრონიკები, ისტორია და შედეგები

ათასობით, თუ არა ათი ათასობით ახალგაზრდა ადიდებულმა მდინარემ გვერდიგვერდ დააყენა

13 ივნისს, საღამოს თბილისის ცენტრში, 9 სათისთვის დაწყებული წვიმა თანდათან ძლიერდება. მოვლენები რამდენიმე ადგილას სწრაფად და დრამატულად ვითარდებოდა. ქუჩებში წყლის მასა თანდათან იმატებს, მოძრაობა ჭირს და ირგვლივ ყველაფერს ფარავს. მდინარე ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. სტიქიის საერთო სურათი თანდათან იხატებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით შემზარავი კადრები და ფოტოები ვრცელდება. როდესაც წვიმა შენელდა, ადამიანებს გადაადგილება შედარებით უადვილდებათ, მაშველებს დატბორილი სახლებიდან დაზარალებულები გამოჰყავდათ. ხეობაში,მოვარდნილმა წყალმა მობინადრესთან ერთად სახლი გაიტაცა. ახალ გზაზე, ერთი მაშველი ახალ გზაზე დაიღუპა. ვერის ხეობის ახალი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ფაქტობრივად განადგურდა მთლიანი ზოოპარკი. გამთენიისას ყველაფერი გამოჩნდა. მდინარე ვერეს ხეობა მთლიანად განადგურებული, ზოოპარკის ცხოველების 600 ბინადრიდან ნახევარი დაიღუპა, ზოგი კი გაქცეულია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ღვარცოფის დროს ორსართულიანი სახლის კონდიციონერზე დაკიდებული დათვი ჰაერში დარჩენილი მოწყალებას ითხოვს. ნიანგი მოვარდნილ წყალში ცურავს, ლომები და ვეფხვები ქალაქში დარბიან, გმირთა მოედანზე კი ბეჰემოთი ბეგი გადაადგილდება, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალების ობიექტივში მოექცა. წაღებულია სახლები, დანგრეულია ქუჩები, დაღუპულია 21 ადამიანი, განადგურებულია ძაღლების თავშესაფარი. დედაქალაქმა დაახლოებით 200 მილიონით იზარალა. საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადეს.. სვანიძის ქუჩაზე მოეწყო სიმბოლური მემორიალი.

ყველაფერი ასე დაიწყო:

პრეისტორია:

სვანიძის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია დგას, საიდანაც მდინარეს 50 წელზე მეტია რაც აკვირდებიან. ლაბორატორიიდან დაახლოებით 70 მეტრში, მდინარე ვერე მოქცეულია დაახლოებით, 350 მეტრის გვირაბში. გვირაბი 1958 წელს აშენდა როდესაც საბურთალოსა და ვაკის დასაკავშირებლად ახალი გზა გაიყვანეს.ამ გვირაბის გაყვანიდან 2 წლის თავზე, 1960 წელს გვირაბი დაიტბორა, რის გამოც შეიქმნა მდინარეზე მონიტორინგის სამსახური. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში სამსახური გაუქმდა და სისტემა წინასწარი შეტყობინების გარეშე დარჩა.

ხეობის სიგრძე დაახლოებით 40 კილომეტრია, მდინარე ვერე კი ერთი შეხედვით უწყინარი მდინარეა, რომლის გადალახვა ფეხის დასველების გარეშეც კი შესაძლებელია, თუმცა გაზაფხულზე ინტენსიური წვიმების დროს დიდდება.

განგაშისწინა საფუძველი:

1962 წლიდან, რაც მდინარე ვერეზე მონიტორინგის სამსახური არსებობს, მდინარე ვერეს ხეობაში ყველაზე მეტი წყალი 4 ივნისს, საშინელ სტიქიამდე 9 დღით ადრე დაფიქსირდა. 4 ივნისს, წყლის ხარჯმა წამში 155 კუბური მეტრი შეადგინა. შედარებისთვის, მდინარე მტკვარში წამში მოდის 60 მ3 წყალი. იმ დღეს სვანიძის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახი დაიტბორა, განსაკუთრებით დაზიანდა ძაღლების თავშესაფარი...

გვირაბის შემდეგ, მდინარის 3 - კილომეტრიანი კალაპოტი დასახლებულია, ნაწილზე კი გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზა გადის. აქაც, მდინარე ორ გვირაბში ექცევა. მტკვართან შესაერთებლად, საბოლოოდ მდინარე ვერემ 800- მეტრიანი გვირაბი უნდა გაიაროს. ორ დიდ გვირაბს შეუძლია წამში 400 კუბზე მეტი წყალი გაატაროს. ეს დაახლოებით 3-ჯერ მეტია, რაც აღრიცხულა 1962 წლიდან, მცირე გვირაბებს კი 250 კუბზე მეტის გატარება შეუძლიათ. ერთი შეხედვით, ყველა საინჟინრო წესი დაცულია. მდინარის მარცხნივ თბილისის ზოოპარკია.

13 ივნისის ღამის ქრონიკები:

დედაქალაქში გადაუღებლად წვიმს, მდინარე ვერეს ხეობაში კი ვითარება კატასტროფულად მძიმდება. საღამოს 9 საათის შემდეგ, 4 საათში აქ წლიური ნორმის 35% მოვიდა.

13 ივნისის ღამეს, მდინარე ვერეს ხეობაში წყლის ხარჯმა 450 კუბური მეტრი წამში შეადგინა. ეს ზუსტად იმდენია, რასაც მტკვარი გაზაფხულის წყალუხვობის დროს აღწევს. ასეთი რაოდენობის წყალი მდინარე ვერეში არასდროს აღრიცხულა.

23:35 წუთი:

სტიქიას საფუძველი თრიალეთის ქედის კალთებზე ჩაეყარა. წყნეთი ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. გზის 650-მეტრიანი მონაკვეთი ჩამოშლილმა მიწამ ჩაიტანა. სპეციალისტები იხსენებენ, რომ მთას დაახლოებით 1,2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა. ნაშალი მიწა, ქვები, ქვიშა და ხეები საშინელი ხმაურით ჯოხანის ხევში ჩაიშალა. ამ ადგილას ფესვებიანად მოგლეჯილი ხის მასა, 400 დიდ სატვირთო მანქანას გაავსებდა. ჩამოშლილი მეწყერის მასა მდინარის წყალს უხვად აგროვებდა, ხოლო შემდეგ უზარმაზარი ღვარცოფის მასა დაიძრა დედაქალაქისკენ, რომელსაც დაახლოებით 10 კილომეტრი აშორებდა.

23:50 წუთი:

ღვარცოფმა ჩამოიტანა ქვა-ღორღი, ნაშალი და ხეები რომელიც მდინარის პირველ გვირაბში გაიჭედა. ამ გვირაბში წყლის მოვარდნის შედეგად კიდევ ერთი მანქანა გაიჭედა. ტალახიანი ბლანტი მასა ელვისსისწრაფით იწევდა მაღლა, ფარავდა სახლებს, მოათრევდა ფესვებიანად მოგლეჯილ ხეებს, ანგრევდა და ანადგურებდა ყველაფერს რაც კი წინ ხვდებოდა. ამ დროს, ახალ გზაზე მოძრაობა ჩვეულებრივად გრძელდება. არც წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლებმა იციან, რა ხდება მდინარის გვირაბთან.

00:35 წუთი:

მაშველებმა დასახლებულ ადგილს მიაღწიეს, სადაც გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტი მის მეუღლესთან და მეგობართან ერთად მაშველებს ელოდებოდა. ისმის დახმარების თხოვნის ხმები. ორ წუთში მაშველები მათ დასახმარებლად წყალში შედიან. ამ დროს სახლი უკვე წყალს აქვს გატაცებული. ივლიტა ჯიბუტის მეუღლე ხეს ეჭიდება და გოგონებს ხელით იჭერს, თუმცა შემდგომ წყლის კიდევ უფრო დიდი მასა სამივეს ჩაძირავს. გოგონები წყალმა გაიტაცა, ივლიტას მეუღლე კი მაშველებმა გადაარჩინეს....

00:40 წუთი სვანიძის ქუჩა:

წყალმა 18 მეტრით აიწია, უკვე 50 წუთზე მეტია მდინარე ქალაქის ნაწილს ანადგურებს. ამასთანავე ის გვირაბს დიდი ძალით აწვება. თუ გვირაბი გაიხსნება, ის კიდევ უფრო დამანგრეველი ძალით გადავა წყნეთის ქუჩაზე და მთლიანად გაანადგურებს მიმდებარე ტერიტორიას. 5 წუთში, მდინარემ გვირაბი საშინელი ხმაურით გაარღვია და დაგროვილი უზარმაზარი მასა წყნეთის ქუჩის მიმართულებით დაიძრა. წყალმა ელვისსისწრაფით დაიწყო მომატება. ღვარცოფი ახლა მტკვართან დასაკავშირებელ გვირაბს დაეჯახა, ისიც ჩახერგა და ტალახში შერეულმა მასამ დაგუბება დაიწყო. რამდენიმე წუთში წყლის დონემ 10 მეტრს მიაღწია და გვირაბის მაღლიდან გადავიდა.

02:30 წუთი ზოოპარკი:

წყალმა ზოოპარკი მთლიანად დაფარა, 600 მობინადრიდან ნახევარი დაიხრჩო, ნაწილმა კი გაქცევა შეძლო. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა სპეციალური დანიშნულების რაზმები გამოიყვანა, რათა მტაცებლებს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნათ. ქალაქის ცენტრში სროლის ხმა ისმის. 3 საათი ანგრევდა თბილისის ზოოპარკს, წყნეთის და სვანიძის ქუჩებს სტიქია. 3 საათის შემდეგ მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა.

13 ივნისის ღამემ ადიდებულმა მდინარემ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი მათგანი დღემდე დაკარგულად ითვლება. კიდევ ერთი ადამიანი ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა იმსხვერპლა. ღვარცოფს ზოოპარკის სამი თანამშრომელიც, გულიკო ჭიტაძე,  მისი მეუღლე და გივი დვალი ემსხვერპლნენ. სტიქიამ დები ზარანდიების, ივლიტა ჯიბუტისა და კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 37 წლის მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა 7 ადამიანის სიცოცხლე საკუთარის სანაცვლოდ გადაარჩინა.

მეცნიერების გათვლით, ვერეს ხეობაში მსგავსი მოვლენა შესაძლოა 1000 წელიწადში ერთხელ მოხდეს, თუმცა ბუნება სტატისტიკას არასდროს ემორჩილება და დამცავი ჯებირების მშენებლობა უკვე დაწყებულია. აღდგა მდინარე ვერეს სათავეებში მონიტორინგის სისტემა, რათა მომავალში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რისკები. მიუხედავად დამანგრეველი შედეგებისა, მოქალაქეთა ნაწილი დღემდე აგრძელებს ამ ხეობაში ცხოვრებას. არადა, 13 ივნისის სტიქიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ადამიანისა და ბუნების ბრძოლა ყოველთვის ადამიანის მარცხით სრულდება...

 

შენიშვნა:

სტიქიის წინა დღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა. ადრესატები: შსს, საგანგებო სიტუაციები, საქართველოს შეიარაღებული ძალები, სასაზღვრო პოლიცია, მთავრობის აპარატი და პრეზიდენტის დაცვა.

„ყურადღება, 13 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. ელ-ჭექის დროს, ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეების ადიდება და მათ შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

სოლიდარობის აქტი:

15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი განადგურებულია. ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს. მოშლილია ყველა კომუნიკაცია. ქალაქი ტალახით, ქვიშით, მოგლეჯილ ხეებითა და მანქანებითაა სავსე. თბილისს მოქალაქეების შველა სჭირდება.

ათასობით, თუ არა ათი ათასობით ახალგაზრდა ადიდებულმა მდინარე გვერდიგვერდ დააყენა. მიუხედავად მძიმე და სახიფათო სამუშაოსი, თავდაპირველად მათ თითქოს ქაოტურად, დაუფიქრებლად შეუტიეს იმ სტიქიის შედეგებს, რომელმაც 13 ივნისის ღამეს 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, ზოოპარკში ცხოველები დახოცა. 4 წლის თავზე სტიქიის ზონაში მომუშავე ახალგაზრდები ამბობენ, რომ 13 ივნისის სტიქია მოხალისეების გაერთიანების საუკეთესო მაგალითად იქცა. მათივე თქმით, ეს იყო უპრეცედენტო მაგალითი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომისა.

13 ივნისის ღამეს სოციალური ქსელის და მედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე არაერთ ადამიანს მოუყარა თავი. მომდევნო დღიდან მათი ერთსულოვნება ნამდვილ სამოქალაქო მოძრაობად იქცა. ჯერ შიშველი ხელებით, შემდეგ კი უკვე ნიჩბებითა და ხელთათმანებით შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა დატბორილი, მიწამიყრილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს. იმ დღეებში თბილისის ქუჩებში მრავლად შეხვდებოდით მუხლებამდე ტალახმიმხმარ ახალგაზრდებს. თუკი მოქალაქეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა.

მსოფლიო მედია 13 ივნისის ტრაგედიაზე:

მსოფლიო მედიის ყველა წამყვანი საშუალება თბილისზე საუბრობს. 13 ივნისის ტრაგედია ყველა კონტინენტს მოედო და იქცა მსოფლიოს მედია საშუალებების მთავარ თემად. CNN, BBC, New York Times, Reuters, Aljazeera, DW, France Press, Sky News და ა.შ. თბილისზე საუბრობენ. ამ დროს გაიცნო მსოფლიომ თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეგი, რომელიც თბილისის ტრაგედიის დროს, დასავლური მედიის ცენტრალურ ფიგურად იქცა და თბილისის მერია ძეგლს დაუდგამს.