თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი საგანგებო ვითარების გამო თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები მობილიზებულნი არიან, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, საინჟინრო ბრიგადისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წარმომადგენლები მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები ინტენსიურად მუშაობდნენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და პირადი შემადგენლობა, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის უწყება მეტი მასშტაბით ჩაერთოს სტიქიით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში.