თბილისის ზოოპარკი მომხდარ სტიქიაზე და მის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
"მდინარე ზოოპარკში თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე შეიჭრა. წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზოოპარკის თანამშრომლები, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სპეცდანიშნულების რაზმი. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა მოახერხა ვოლიერებიდან გამოსვლა.
ზოოპარკის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ საიმობილიზაციო საშუალებებით ცხოველების დაძინებას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანას. სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა მოეხდინა იმ რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაცია, რომელმაც მიაღწია ავტომაგისტრალს, სადაც საცობის გამო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.
სამწუხაროდ სტიქიამ ზოოპარკის 3 თანამშრომელი იმსხვერპლა: გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე მომვლელი. მათი ცხედრები 14 ივნისს, მომვლელებისთვის განკუთვნილ შენობაში იქნა აღმოჩენილი.
სამაშველო და საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გრძელდება ტერიტორიის გასუფთავება. წყალდიდობის შედეგად ჩახერგილია ზოოპარკის ქვედა ნაწილი.
ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ვოლიერები ჯერ კიდევ დატბორილია.
თბილისის ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გუშინვე მოხერხდა.
სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. მათ შორის არიან სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია და ფოტოები თბილისის უბნებში გამოჩენილ ცხოველებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. სტიქიის ღამიდან დღემდე ქალაქში არც ერთი ცხოველი არ იქნა აღმოჩენილი.
ამჟამად ზოოპარკში იმყოფება ყველა თანამშრომელი და აგრძელებენ როგორც გადარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციას, ასევე ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში. ზოოპარკში მობილიზებულია ასობით მოხალისე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ტერიტორიის გასაწმენდად", -ნათქვამია ინფორმაციაში.