საქართველო სტიქიის დროს დაღუპულებს გლოვობს. საკანონმდებლო ორგანოსა და ყველა სამინისტროს შენობაზე, ასევე, პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშები უკვე დაუშვეს . ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად დღეს საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12.00-ზე გლოვის ზარები დაირეკება და პანაშვიდებს გადაიხდიან. პარაკლისს სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს.
ბოლო მონაცემებით, 13 ივნისის ღამეს 12-ი ადამიანი დაიღუპა, 24-ი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაო უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა, სამხედროები და სამაშველო ბრიგადები. ზარალი დაახლოებით 40-ი მილიონი ლარია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დღევანდელი დღე უქმედ გამოცხადდება.
გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში. 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის, თბილისის მერიისა და მისი ყველა შესაბამისი სამსახურისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით მიიღო.