სსფ-ს საქართველოში 2019 წელს ეკონომიკის 4.6 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს. სსფ-ში განმარტავენ, რომ „ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკების პასუხად აუცილებელია გაგრძელდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, რეზერვების დაგროვება და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა“.
20-26 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა, საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება.
“2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი იყო მაღალი 4.7 პროცენტის ოდენობით. წინასწარი მონაცემების მიხედვით, წლის ბოლოს დაფიქსირებული ადგილობრივი მოთხოვნის შენელება თითქმის მთლიანად დაბალანსდა ექსპორტის და ტურიზმის ზრდით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა 8 პროცენტამდე 2018 წელს, 2017 წლის 8.8 პროცენტთან შედარებით. მისასალმებელია საგარეო ბუფერების ზრდისკენ მიმართული ეროვნული ბანკის ძალისხმევა, უცხოური ვალუტის შესყიდვითა და შესყიდვის ოფციონების მეშვეობით. ფისკალური დეფიციტი გაუმჯობესდა და მშპ-ს 2.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა, ხარჯის დიდი ნაწილი 2018 წლის ბოლოს იქნა გაწეული, რამაც წინა თვეებში ხარჯვის ჩამორჩენა დააბალანსა. ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაცია ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება. დაბალი ინფლაციის მოლოდინის პირობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია და პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა ამა წლის 30 იანვარს. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია და სექტორი მომგებიანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლოხანს გატარებული საზედამხედველო“, განმარტავს ვერა-მარტინი.
ღონისძიებები შეესაბამება ეროვნული ბანკის ვალდებულებას განამტკიცოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა.
“2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა. მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის და მართვის პრაქტიკა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი, მაღალი ექსპორტის და ფულადი გადმორიცხვების შედეგად. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაქცვლითი კურისის შენარჩუნებით“, განმარტავენ სსფ-ში.