ჯერ არ ვიცი, რა განმარტებას გააკეთებს შსს კარვების აღებასთან დაკავშირებით, ჯერ მოვიდეს წარმომადგენელი, განმიმარტოს, რატომ გადაიტანეს კარვები და აქედან გამომდინარე, გადავდგამ ნაბიჯებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, მან ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ აქციაზე კარვები ააღებინეს.
“შსს-ს უთქვამს, რომ აქციის ორგანიზატორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, არავინ შემთანხმებია. მე საქმის კურსში არ ვარ, ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ კარვები ააღებინეს, მე ისევ იგივე პოზიცია მაქვს. აქ უბრალოდ ვარ ზვიად კუპრავას სასამართლოზე, რომ სავარაუდოდ, მოწმის სახით შეგვიყვანენ პროცესზე და როცა დავბრუნდები რუსთაველზე, გავაგრძელებ იმავე რეჟიმში ბრძოლას. არ ვიცი, რა განმარტებას გამიკეთებს შსს, ჯერ მოვიდეს წარმომადგენელი, განმიმარტოს, რატომ გადაიტანეს კარვები და აქედან გამომდინარე, გადავდგამ ნაბიჯებს. მე ვიცი, რომ კონსტიტუციური უფლება მქონდა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.