ყველა ხვდება, რომ გამოძიებას ეს სჭირდებოდა, რომ რაღაცნაირად ტემპერატურა ჩაეხშოთ, როგორც სუბელიანის დაკავებით, ასევე მორჩაძის დაკავებით. თითქოს, ამით ყველა პრობლემა მოგვარდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძის ადვოკატმა, ზაალ თავაძემ.
მისი განმარტებით, საქმეში არ არსებობს ვიდომტკიცებულება, რომელშიც მოწმე მიხეილ კალანდიასთვის ფულის გადაცემა ჩანს.
"არავითარი ვიდეო არ არსებობს ფულის გადაცემაზე. აბსურდია ეს ყველაფერი. არსებობს ერთი არასრულწლოვნის ჩვენება, რომელიც 7-ჯერ შეცვლილია. ხან ისე თქვა, ხან ასე და ბოლობოლო ვერ ჩამოყალიბდა, რა დაინახა და საბოლოოდ რას იტყვის კიდევ ღმერთმა უწყის. ამ ადამიანის ჩვენებას ეყრდნობა გამოძიება და აპატიმრებს ადამიანს, რომელსაც თავის ნათესავთან ჰქონდა კომუნიკაცია. ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ერთმა შეიძლება ზეწოლად აღიქვას, ასე დავარქმევდი ამას", - აცხადებს თავაძე.
როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ კალანდიამ თავაძეს რჩევა ჰკითხა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.
"კალანდიამ მორჩაძეს რჩევა ჰკითხა, ასეთ მდგიმარეობაში ვარ მერაბი ბიძიაო, ამანაც თავისი აზრი უთხრა, რომ სიმართლე ეთქვა. ასე თითიდან გამოწოვეს და გამოიყვანეს, რომ ეს არის მოწმეზე ზემოქმედება.
ვიმეორებ, კალანდიამ შესჩივლა რომ მძიმე ზემოქმედების ქვეშ იყო სამართალდამცავების მხრიდან. ისინი მას აიძულებდნენ სხვადასხვა ჩვენების მიცემას, უფრო სწორად, აზეპირებინებდნენ. ეს შესჩივლა მან მორჩაძეს, როგორ მოვიქცე, მირჩიეო. შენ დაინახე ის ყველაფერი და სიმართლე უნდა თქვა, სხვა გზა არ არსებობსო, უთხრა მერაბმმა.
მორჩაძე კალანდიების ამ თაობას ის არ იცნობდა, მაგრამ დედამისთან და მის დასთან დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა. ბატონმა მერაბმა დღესაც აღნიშნა პროცესზე, რომ ყველა საუბარს კალანდიას დედა, ან მისი და, ან ბებია ესწრებოდა. რა მოსყიდვაზეა საუბარი?", - დასძენს ადვოკატი.
როგორც ის აღნიშნავს, მორჩაძე კალანდიას მაშინ ესაუბრა, როცა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენი გამოტანილი ჰქონდა. შესაბამისად, ეს მოწმეზე ზემოქმედებად ვერ ჩაითვლება.
"მიხეილ კალანდიას ჩვენება ბოლოს 6 ივნისს აქვს მიცემული. ის ამბობს, მორჩაძე მოვიდაო, რომელმაც უთხრა რომ მისი მეგიბრის შვილია გ.ჯ. და მას ტენიან დანაშაულს, ამაზე დაფიქრდიო. ამ დროს საქმეზე უკვე განაჩენიც იყო დამდგარი", - აღნიშნავს თავაძე.