ამ პროცესში ვხედავთ ცალკეული პოლიტიკოსების თუ ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან იმის მცდელობას, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ სათავისოდ და ღია ტიპის პროვოკაციებზე მიდიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასა და ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ყველაფერი კეთდება.
„არის საკითხები, რომლებიც, მართლაც, დარჩა როგორც ღია კითხვები და სწორედ იმიტომ, რომ ეს ღია კითხვები მოხსნილიყო, ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით, ყველა კარი გავაღეთ, რადგან არ ჰქონოდათ დაზარალებულებს განცდა, რომ მარტო იყვნენ ამ პროცესში, ვინ შემდეგ ჩაერთო თუ ვინ ადრე ჩაერთო, ამის მიუხედავად. ამ პროცესში ვხედავთ ცალკეული პოლიტიკოსების თუ ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან იმის მცდელობას, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ სათავისოდ და ღია ტიპის პროვოკაციებზე მიდიან. ბუნებრივია, ეს არ არის მარტივი საყურებელი, ეს ემოციაც მესმის. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა ვიმოქმედოთ, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და მეორე მხრივ, უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ასევე კანონით იყოს პასუხგაცემული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.