ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იმ დასკვნაში იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. ჩვენს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან სრულიად არის თავსებადი, განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს მოქმედებს",- განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება. ოპოზიციას კი საპირისპირო მოლოდინი აქვს.
უმცირესობა პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვს.