საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ განცხადებებს პასუხობს.
"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს უმძიმესი დანაშაული, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსურდული კრიტიკით.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია და მათ სამართლებრივი პასუხი აღარ მოეთხოვებათ.
ჩვენ არასოდეს ასეთ აბსურდს არ ვპასუხობთ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით, რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ხოლმე ასეთ ბინძურ კამპანიაში", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ 2016-17 წლებში პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მტრებს მიანიჭა.
ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს.
მიმართვაში ანდრიაძე პრეზიდენტს თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს და პარლამენტს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.