საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი ეწვია. იგი უკვე შეხვდა მის კოლეგასა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან და ბიზნესის წარმომადგენლებთანაც. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ირანთან ურთიერთობის დათბობის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა. მან განიხილა საკითხები, რომელთა არსებობაც მეტად ფაქიზს ხდის არსებულ პერსპექტივებს.
„მე ვფიქრობ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან ირანი გამოცხადდა ნომერ პირველ მტრად შეერთებული შტატებისათვის. შესაბამისად, მასთან ჩვენი ურთიერთობისას ეს კონტექსტი კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან ამაში შეიძლება სერიოზული რისკები იყოს ჩადებული. ინტეგრაციის ხარისხის გაზრდამ შეიძლება მოიტანოს სარგებელი მაგრამ სხვა მიმართულებით გაგვიფუჭოს საქმე, ამიტომ აქ საკმაოდ ფაქიზი პოლიტიკაა გასატარებელი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.