საგაზაფხულო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის საკითხს. ასევე კობახიძის თქმით, სხდომაზე განხილული იქნება პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით.
პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს ადგენს, არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის. პროექტის თანახმად, განისაზღვრება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი ორგანოები; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების კომპეტენცია აღნიშნულ სფეროში. რეგულირდება ბავშვის მოტივირებულად აღიარებასთან და მშობლის უფლების ჩამორთმევა-შეჩერებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.
ასევე, პირველი მოსმენით განიხილავენ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგით განსაზღვრულია რამდენიმე დადგენილების პროექტის განხილვა. ესენია: „ბავშვთა განვითარებისაკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“; „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“; „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 13.00 საათზე გაიმართება.