სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა მას შემდეგ, რაც კიევმა გაასაჯაროვა ინფორმაცია რუსეთის მხარეს ომში მონაწილე ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეისთვის გადაცემის შესახებ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინამ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით ორ ქვეყანას შორის არსებული კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია. სეულში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინის შემდგომი უარყოფა, თითქოს ასეთი შეთანხმება არსებობდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ორ მთავრობას შორის ნდობა შეარყია.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უფროსმა მრჩეველმა სონგ გი-ჰონმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავად მოითხოვა გადაცემის კონფიდენციალურად შენარჩუნება, რადგან საკითხის გასაჯაროებას შესაძლოა ტყვეებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებისთვის საფრთხე შეექმნა.
დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე, განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში ტყვედ აყვანილი ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო სამხრეთ კორეას გადასცა.
მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონმაც განაცხადა, რომ უკრაინამ ინფორმაციის გასაჯაროებით კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინას სამხრეთ კორეასთან ასეთი შეთანხმება არ დაურღვევია და აღნიშნა, რომ კიევმა მხოლოდ ტყვეების სამხრეთ კორეისთვის გადაცემის ფაქტი გაავრცელა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საკითხზე დამატებითი ზომების მიღებას განიხილავს.