ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა - მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ოთხი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ კანდიდატებად მიიჩნევა, თუმცა ისინი კვლავ ნელ პროგრესს განიცდიან და გაურკვეველი ვადები აქვთ – თუ, როდის შეიძლება მოხდეს ევროკავშირში მათი ოფიციალური მიღება.
გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი დიდი ხანია, მხარს უჭერს მათ ბლოკში გაწევრიანების განაცხადებს, „საგზაო რუკები“ პირველად მისცემს ამ ქვეყნებს გარანტიას, რომ თუ ისინი აუცილებელი რეფორმების განხორციელებას გააგრძელებენ, მათ ევროკავშირში მიიღებენ. ასევე განსაზღვრავენ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო ვადებს.
Politico-ს წყაროების განმარტებით, ეს „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების - ე.წ. „მოლაპარაკებების კლასტერების“ - ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს.
ევროკომისიის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ახალი „საგზაო რუკები“ განსაზღვრავს გზას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისკენ.
„ისინი შეიცავს პრიორიტეტების მკაფიო ჩამონათვალს - ვადებსა და კონკრეტულ შედეგებს, რომლებიც ყველაზე მეტი პროგრესის მქონე კანდიდატ ქვეყნებს აუცილებელი რეფორმების დასრულებაში დაეხმარება“, - განმარტა პრესსპიკერმა.