აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას ამ კვირაში ელოდება. ამის შესახებ მან Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ამ კვირაში ველოდები. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, თუმცა ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის მიღწევაც მე მსურს. ეს ის შეთანხმებაა, რომელზეც შესაძლოა ერთი წლის წინ დავთანხმებულიყავით. მათ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასეს“, - განაცხადა ტრამპმა.
Axios-ის ინფორმაციით, ტრამპის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან ირანის მიერ შეთავაზებული წინადადება უარყო. ირანის ინიციატივა ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებდა.
გამოცემის ცნობით, კატარი და სხვა რეგიონული შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ. ორი რეგიონული წყაროს ინფორმაციით, მორიგი არაპირდაპირი დიალოგი შესაძლოა უკვე ორშაბათს დაიწყოს.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების განახლების საკითხზე ფიქრობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არ უსაუბრია.