უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის სანქციების შესახებ კანონი სრულად აამოქმედოს. მისი თქმით, რუსეთი დიპლომატიური სიგნალებით მანიპულირებს და ომის დასრულებას არ აპირებს.
„თუ რუსეთი მართლაც ემზადებოდა დეესკალაციის მიმართულებით რაიმე რეალური ნაბიჯისთვის, როგორც ამის შესახებ, მათ შორის, ამერიკელ მომლაპარაკებლებთან საუბრისას აცხადებს, „შაჰედების“ ტერორის ეს ტალღა არ იქნებოდა. საჭიროა, ვითარებას რეალისტურად შევხედოთ. რუსეთს შეუძლია ისეთი იმედისმომცემი დიპლომატიური სიგნალების გაგზავნა, რომელთა მოსმენაც მსოფლიოს სურს. მას შეუძლია ისეთი სიგნალების გაგზავნა, რომლითაც ომის საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი ზომების მიღებას გადადებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აშშ-ში უკვე დაიწყო ლინდსი გრემის სანქციებისა და ტარიფების შესახებ კანონის ამოქმედების პროცესი.
„ეს არის კანონი, რომელსაც შეუძლია ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალოს, თუ ის სრულად ამოქმედდება. საჭიროა ამ კანონის განხორციელება. მსოფლიოში ყველა ხედავს, რომ ამის გამოყენების საფუძველი არსებობს და ამის მიზანიც არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეფექტიან გადაწყვეტილებებსა და პარტნიორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას ელოდება, რათა მოსკოვმა გაიაზროს, რომ დიპლომატიური სიგნალებით მანიპულირება მას ომისა და ტერორის გასაგრძელებლად დამატებითი დროის მოპოვების საშუალებას არ მისცემს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ და „დიდი ოცეულის“ წევრი სხვა პარტნიორებიც პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებდნენ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტებს ამზადებს. ზომები შეეხება ფინანსურ ჯაჭვებს, რუსული იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდების სქემებს, კონკრეტულ საწარმოებსა და პირებს, მათ შორის, რუსეთის ბალისტიკური იარაღის წარმოებაში ჩართულ პირებს.
„ახალი სანქციები უკვე ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს, რათა შეიქმნას უფრო მყარი საფუძველი ვითარების შესაცვლელად და რუსეთის რეალური დიპლომატიისკენ წასაახალისებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.