გრიგოლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა. როგორც ჟურნალისტებთან სერგეენკომ განაცხადა დაშავებული პოლიციელები ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებენ. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მძღოლს, მას სავარუდოდ, დღის განმავლობაში გაწერენ.
"ქუთაისში ოთხი პაციენტია გადმოყვანილი. ისინი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებენ. მკურნალობას გადის ასევე სასწრაფო დახმარების ექთანი. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მძღოლს მას, ალბათ, დღის განმავლობაში გაწერენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ასეთი უბედურება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გრიგოლეთში "მერსედესის" მარკის ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად გუშინ 7 ადამიანი გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად "მერსედესის" მარკის ავტომანქანა აფეთქდა და მასში მჯდომი ექვსივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
გრიგოლეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გრიგოლეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მანქანაში მყოფი ექვსივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
გარდაცვლილებს იმდენად ძლიერი სახის დამწვრობები ჰქონდათ, რომ ადგილზე მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
მიკროავტობუსში მჯდომი სამივე მგზავრი გადარჩა, თუმცა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდა და სასწრაფო დახმარების მანქანით ფოთის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, სუფსის გადასახვევთან პოლიციის მანქანასთან შეჯახებას ემსხვერპლა.
მძიმედ დაშავებული ექიმები და პოლიციელები კი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არც ერთი ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე ცნობილი არ არის.