ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალისტები აკვირდებოდნენ ადამიანის ორგანიზმის რეაქციას სხვადასხვა ალკოჰოლზე. ექსპერიმენტში სხვადასხვა ასაკის 50 მამაკაცი მონაწილეობდა.
მეცნიერებმა მავნებელი სასმელების სიის პირველი ადგილი ლუდს მიაკუთვნეს. ლუდის მიღების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს დოფამინს _ სიამოვნების ჰორმონს. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ლუდი სხვა სპირტიან სასმელებს შორის ყველაზე საშიშია, რადგან ჰორმონი დოფამინი იწვევს სწრაფ მიჩვევას.
მეცნიერებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ადამიანთა უმეტესობა ლუდს ალკოჰოლურ სასმელად არ მიიჩნევს.
ლუდის გარდა, ყველაზე საშიში ალკოჰოლური სასმელების სიაში მოხვდა კოქტეილი, რომელიც ასევე არ არის აღიარებული მაგარ სპირტიან სასმელად და ალკოჰოლური მიქსები, რომელიც დამზადებულია ეგზოტიკური კოქტეილების ინგრედიენტებით. ეს სუსტი ალკოჰოლური სასმელი დიდ ზიანს აყენებს ღვიძლსა და თირკმელებს.
მეცნიერები, ასევე, გვაფრთხილებენ შამპანურის მავნებლობის შესახებაც. ეს არისტოკრატული სასმელი სიაში ნახშირორჟანგის დიდი შემცველობის გამო მოხვდა. ის სისხლში ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას იწვევს.
ექსპერტებმა ბოლო ადგილი მიაკუთვნეს ლიქიორს. ეს სასმელი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რაც ალკოჰოლთან შერევის შედეგად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს კუჭქვეშა ჯირკვალს.