ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაყინული კონფლიქტების აღიარების გადახედვის საკითხი კრემლის გულის მოსაგებად და დროის მოსაგებად დააყენა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგინის აღიარებასთან დაკავშირებით კიევზე ზეწოლა ხორციელდება, თუმცა ამ რეგიონების აღიარების საკითხი უკრაინის ხელისუფლების ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რადგან სეპარატიზმის პრობლემები მათაც გააჩნიათ.
"უკრაინაში სეპარატიზმის სერიოზული საფრთხე არსებობს ყირიმში და მთლიანად აღმოსავლეთ უკრაინაში, ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უკრაინაში ძლიერი ოპოზიციაა და მას შემდეგ, რაც უმაღლეს რადაში გუშინ მოხდა, საქართველოს საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტას შეიძლება დამატებით ნეგატიური რეაქცია მოჰყვეს, როგორც უკრაინულ საზოგადოებაში, ასევე ოპოზიციაში. ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უკრაინამ რუსეთის ზეწოლის მიუხედავად ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ უნდა გაბედოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, ვიქტორ იანუკოვიჩის მხრიდან აღნიშნული განცხადება გარკვეულ წილად რუსეთის გულის მოსაგებად გაკეთდა, რომ ოფიციალური კიევი გაყინული კონფლიქტების შესახებ ორმაგი სტანდარტებით მიდგომას გადახედავს.
"ჩემი აზრით, უკრაინას სურს, რომ ეს პროცესი დროში გაწელოს და რუსეთს დაანახოს, რომ საკითხის განხილვა შესაძლებელია, მაშინ როცა მოსკოვი უკრაინას ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასში, 100 დოლარით ნაკლებად აძლევს, თუმცა არა მგონია, რომ საქმე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებამდე მივიდეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან განცხადება სწორედ მაშინ გაკეთდა, როცა მას რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერთან ჰქონდა შეხვედრა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე მოლაპარაკების უკრაინულ მხარესთან მიმდინარეობდა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩიტაძემ.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა და არა მოსკოვში.
"უკრაინა ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს და ამიტომ, სეპარატისტული რეგიონების აღიარების მიმართულებით ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს", - აცხადებს ქართველის ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ დადგა დრო გაყინული კონფლიქტების აღიარების მიდგომები გადაიხედოს.