ოცდაცხრა ივნისიდან სამ ივლისამდე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მისია ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის დირექტორის ელიზაბეტ პაინოვიჩის, პროგრამების მენეჯერის - დოროტა ჯაროსინსკას და ექსპერტის - მიხეილ კრჟიჟანოვსკის შემადგენლობით იმყოფება.
მისიის მიზანია „გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ შემუშავებისათვის ექსპერტული დახმარების გაწევა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გაზიარება და ყველა დარგის პოლიტიკის დოკუმენტში ევროპის ჯანმრთელობის პოლიტიკის „ჯანმრთელობა 2020“-ის მიზნების შესაბამისად ჯანმრთელობის საკითხების გათვალისწინება.
29 ივნისს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის ექსპერტები.
ექსპერტთა მისიის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ორდღიანი ტრენინგი და შეხვედრები სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში.