კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვერეს ხეობაში, საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიამ ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით, ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„რადგანაც, შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას დაახლოებით, 30 დღე დასჭირდება, ამ პერიოდის მანძილზე კომპანია დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც, მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.
საზოგადეობრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელმა რეპორტიორმა“ მოამზადა ფილმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო, კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კანალიზაციის დროებითი კოლექტორი მდინარეში ჩაეშვა, რომლის ქვედა წელში მოხალისეები იდგნენ და გამწმენდ და აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ.
როგორც ფილმიდან ირკვევა, კომპანიის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს კანალიზაციის ღია კოლექტორის ვერეში ჩაშვების ფაქტი და განაცხადეს, რომ ამის გაკეთება აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის გახდა საჭირო და ქალაქის ხელმძღვანელობის თხოვნით მოხდა.
თბილისის მერი დავით ნარმანია აღნიშნულ ქმედებას დროებით ღონისძიებას უწოდებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიისთვის რაიმე სახით მითითებას ადგილი არ ჰქონია.
დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდა, წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით, გარკვეული წესები დაიცვან. კერძოდ, სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, წყალმა იდინოს 2-3 წუთის განმავლობაში, დაყოვნდეს სუფთა ჭურჭელში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენონ სასმელად.
განცხადების თანახმად, სააგენტო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში. გაწეული სამუშაოების შესახებ სააგენტომ დღეს განცხადება გაავრცელა.