აფხაზები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შეთავაზებულ უფასო მკურნალობას C ჰეპატიტზე, ვერ მიიღებენ. ასეთი გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო.
ჯანდაცვის სისტემის პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე აღჭურვილობით მომარაგების საკითხებზე, ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანძორ გოოვმა სოხუმში პრეს-კონფერენცია გამართა.
აფხაზი ჟურნალისტები ქართული მხარის მიერ ამოქმედებული სამედიცინო პროგრამებითა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესაძლებლობითაც დაინტერესდნენ, რაზეც გოოვისგან კატეგორიული უარი მიიღეს.
,,ვიდრე ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უჭირს, საქართველოს ჯანდაცვის უწყებასთან ნებისმიერი სახით კონტაქტი გამორიცხულია.
უფრო მეტიც, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ არც ერთ ექიმს და არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს უფლება, საქართველოს იურისდიქციას დაექვემდებაროს.” - განაცხადა მან.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის რაიონის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში მთავარი ექიმი ქართული მხარის მიერ იყო დანიშნული. რის შემდეგაც, რაიონის მთავარ ექიმს ვითარების გარკვევა სთხოვა.
,,ჩვენ ერთად ვეწვიეთ იმ პოლიკლინიკას და ადგილზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დაწესებულება დაგვეხურა.
მინდა იცოდეს ყველამ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ვრცელდება მხოლოდ აფხაზეთის და მისი ჯადაცვის სამინისტროს იურისდიქცია და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. ამიტომ, ენგურსგაღმიდან წარმოებული ყველანიარი დანიშვნა უკანონო და ძალადაკარგულია.
არც ერთი პროგრამა, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ჰეპატიტებზე იქნება ეს თუ სხვა ინფექციურ დაავადებებზე, არანაირი კუთხით არ არის ჩვენთან შეთანხმებული.” - აღნიშნა გოოვმა.
მისი თქმით, მსგავსი პროგრამებს ისინი მხოლოდ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ათანხმებენ და დახმარებასაც ამ უწყებისგან იღებენ.
შეგახსენებთ, გასულ დღეებში, ზუგდიდში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებს C ჰეპატიტზე უფასო მკურნალობა შესთავაზა.